ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 5 ∘ ანა ხალიბეგაშვილი ქალის რეპრეზენტაცია შექსპირის პიესებში დასავლეთის კულტურაზე საუბრისას ყოველთვის საჭიროა გავიხსენოთ უილიამ შექსპირი, რომლის შემოქმედებას მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მისი პიესების სიუჟეტის განვითარებაში ხშირად ქალი პერსონაჟები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. წინამდებარე სტატიაში განხილულია ქალთა სახეები შექსპირის ნაწარმოებებში, თუ როგორ ხატავდა ქალებს გენიალური ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, რომლის შემოქმედება საუკუნეებია არ კარგავს აქტუალობასა და მუდმივად ჰყავს მკითხველი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ,,ჰამლეტი’’, სადაც გვხვდება დედოფალი გერტრუდი. ჰამლეტის პირველივე მონოლოგი ემსახურება გერტრუდის მორალური პრინციპების შეფასებას. მისი ცრემლები ახლა მნიშვნელოვანი აღარაა, რადგან მან იქორწინა ქმრის ძმაზე [პაჭკორია, 2016: 44]. “married with my uncle, / My father’s brother / Ere yet the salt of most unrighteous tears / Had left the flushing in her galled eyes, /She married. Oh most wicked speed, to post / With such dexterity to incestuous sheets” (1.2.151-2; 154-7). ,,დაქორწინდა და მერე ვისთან? ბიძაჩემთანა! თვით მამაჩემის ღვიძლსა ძმასთან!.. არ შეშრობია გარდმონადენნი მის ცბიერთა თვალთაგან ცრემლნი და ქმრის საწოლი შეაგინა სისხლის შერევით’’. (308) შექსპირი შესაძლოა იმის თქმას ცდილობდეს, რომ ქალის ცრემლი ხშირად ყალბია. ასევე ამ მონოლოგში ჰამლეტი ამბობს საკმაოდ ცნობილ ფრაზას ‘’....frailty, thy 45 name is woman” (1.2.146) ,,სისუსტევ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ’’. ამ სისუსტეში სულიერი სისუსტე, ერთგულების ნაკლებობა უნდა ვიგულისხმოთ. ქალზე ჰამლეტის მოსაზრება განზოგადოებულია, რადგან მისთვის ყველაზე ახლობელი ქალი, დედამისი, სუსტია. დედა ყოველი ჩვენგანისთვის ქალობის უპირველესი მორალური საზომია [პაჭკორია, 2016: 45]. როცა ჰამლეტი ოფელიას გაიცნობს, უკვე დარწმუნებულია, რომ ქალები ნამდვილად სუსტები არიან, ოფელიაშიც დაინახავს გერტრუდის სახეს. ოფელიაზე მკვლევართა ნაწილი ხშირად ამბობს, რომ ის უსამართლობას და უიღბლობას შეეწირა და ჰამლეტს უწოდებენ ქალთმოძულეს. ოფელიას მართლაც მძიმე ხვედრი არგუნა შექსპირმა, მას პიესის დასაწყისიდანვე ჰქონდა მიზეზი სიკვდილი ენატრა. მიულერი ოფელიაში მოიაზრებდა მარია მეინჰოფს, გერმანელ მემარცხენე მებრძოლსა და აქტივისტს. მარიაც ოფელიას მსგავსად მეამბოხე იყო, ორივე ქალია, რომელიც ,,მდინარემ არ შეითვისა’’, ორივე ქალმა სუიციდით დაასრულა ცხოვრება. ოფელიას პერსონაჟი ღრმა და დასამახსოვრებელია, მასზე ფილმიც გადაიღო პიესის სიუჟეტით მოხიბლულმა ფრანგმა რეჟისორმა კლაუდე შაბროლმა 1962 წელს. საჭიროა აღვნიშნო, რომ უფლისწულის ქალთმოძულეობაზე საუბრისას ჰამლეტისა და გერტრუდის კამათი უნდა გავიხსენოთ. მას სჯერა, რომ ქალში არსებობს სინდისი, რომელსაც დედამისში უბრალოდ დაუძინია და გამოღვიძებაა საჭირო, მიუხედავად იმ სულიერი ტრავმისა, რაც დედამისის მეორედ ქორწინებამ მიეაყენა ის დედას მიმართავს - “Once more good night, / And when you are desirous to be blessed, / I’ll blessing beg of you” [შექსპირი, 2003: 3.4.171-3]. ,,კიდევ და კიდევ მშვიდობასა ვისურვებ შენთვის, და თუ სურვილი გულს აღგეძრა დაგლოცოს ვინმემ, მე თვით მოვითხოვ, დედაჩემო, შენგან დალოცვას!’’ [შექსპირი, 1987: 364]. პიესაში ოფელიას და გერტრუდის გარდა სხვა ქალი პერსონაჟი არ ფიგურირებს, რადგან ჰამლეტმა უკვე იწვნია სატრფოსა და დედისგან იმედგაცრუება [პაჭკორია, 2016: 45]. საინტერესო სამსჯელოა ის საკითხი, თუ რამდენად სძულდა შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს ქალები, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით,რომ ჰამლეტში ხშირად თავად დრამატურგსაც მოიაზრებენ. მას ნამდვილად უყვარდა ოფელია, მძიმედ განიცადა ქალის სიკვდილი და ისიც, რომ ოფელიას აუკრძალეს ჰამლეტისთვის წერილების მიწერა. ალეგზანდერ ლეგატი ,,მეფე ლირი’’ გამორჩეულად კარგად დაგვანახებს ქალთა უმადურებას, ეგოიზმს. მოხუცებული მეფე ლირი ქვეყანას ორ ნაწილად გაყოფს და ქალიშვილებს გაუნაწილებს, თუმცა ბოლოს სამკვიდროს გარეშე დარჩება, ქალიშვილები გონერილი და რიგანი უხეშად მოექცევიან მას, ქარიშხალში გარეთ გააგდებენ, უმადურებას და ცნიერებას გამოიჩენენ. მართლაც რომ საინტერესოა, რატომ ამოირჩია შექსპირმა პირფერ შვილებად ქალიშვილები ჰყოლოდა მეფე ლირს. სამფლობელოს კითხვის პასუხის მიხედვით ყოფდა მეფე. კითხვა იყო ის თუ ვის რამდენად უყვარდა მეფე. პასუხები კი: ,,მე თქვენ მიყვარხართ, ჰე მაღალი ხელმწიფე ჩემი, ისე რომ სხვა შვილს მამა თვისი არ ჰყვარებია!’’ ერთგულების მაგალითად გვევლინება ნაწარმოების ბოლოს უმცროსი კორდელია, როცა ის უარყოფილ მამას მიიღებს და გაამხნევებს. შექსპირი ამ მაგალითით ქალს ხატავს როგორც ერთგულ, მოსიყვარულე არსებას. ის დებისგან განსხვავდება, უმეტესად შექსპირის პერსონაჟები ახალგაზრდები არიან და ხშირად აქვთ ისეთი კონფლიქტები, რომლებიც ქმრის შერჩევას შეეხება. ,,რომეო და ჯულიეტა’’ სწორედ მსგავსი სიუჟეტის მქონეა, ჯულიეტა სიყვარულის გამო მოკვდება. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ შექსპირს გარკვეულწილად სურდა ხაზი გაესვა, თუ რა შედეგი მოაქვს ურჩობას, ქალი ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ჯულიეტა არის თოთხმეტი წლის გოგო, რომელიც ბედავს იმაზე მეტს, ვიდრე სხვა ქალები. ის სიმამაცეს იჩენს, ეწინააღმდეგება მამას და თუმცა შეიძლება გაუაზრებლად, დგამს რისკიან ნაბიჯებს. ჯულეიტა დანამდვილებით შექსპირის ერთ-ერთი გამბედავი და ძლიერი ქალი პერსონაჟია. ქალი პერსონაჟები მუდმივად მამაკაცის გავლენის ქვეშ არიან. ადრეულ ასაკში უნდა დაემორჩილნონ მამას, ხოლო ქორწინების შემდეგ - მეუღლეს. შექსპირის ნაწარმოებებში მრუშობაში შემჩნეულ ქალებს სასტიკად სჯიან, კლავენ მათ. შექსპირის მიხედვით, მრუშობა ამორალური საქციელია და ქალი, რომელიც მრუშობს, უღირსია. ავტორი ტრაგედიებში ქალებს მეორეხარისხოვან როლს ანიჭებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომედიებზე. ,,ზაფხულის ღამის სიზმარი’’ ქალებს ეთმობა, ისინი ირჩევენ თავიანთ მომავალ მეუღლეებს. კომედია ღირებულია, ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ შექსპირი ქალების ხასიათს აქ აფასებს შემდეგი სიტყვებით - “O, when she's angry, she is keen and shrewd! She was a vixen when she went to school; And though she be but little, she is fierce.” [William Shakespeare, A Midsummer Night's Dream]. შექსპირმა იცის ქალის ძლიერი ხასიათის შესახებ. მას სურს იმდროინდელი ქალები სერიოზულად აღვიქვათ. შესაძლოა, ის ვერ წარმოგვიდგენს თანასწორობის მოდელს, თუმცა ეპოქის გათვალისწინებით ეს საკმაოდ ბუნებრივია. დრამატურგი ხშირად გამოაწყობს ქალებს მამაკაცის ტანსაცმელში, ამით საშუალებას აძლევს აღმოჩნდნენ ისეთ ადგილებში, სადაც იმდროინდელი ქალი არ დაიშვებოდა. მამაკაცის ტანსაცმელი იარაღი იყო ავტორისთვის, ის თავისუფლებას აძლევდა დაეწერა მნიშვნელოვანი როლები ქალი პერსონაჟებისთვისაც. შექსპირის ეპოქაში მეტწილად ფიქრობდნენ, რომ ქალს შეიძლებოდა ჰქონოდა მამაკაცზე უკეთესი ინტელექტი და გამბედაობა. ქორწინება ხდებოდა ხშირად ქალთა ნების საწინააღმდეგოდ და უფრო ჰგავდა ოჯახებს შორის მტკიცე კავშირის დამყარების მცდელობას. ,,ვენეციელ ვაჭარში’’ შექსპირი საპირისპიროს დაუმტკიცებს მკითხველს და დაანახებს მათ ქალის გონიერებას, როდესაც პორტია ადვოკატივით გადაცმული მივა სასამართლოში და საქმეს თავის სასიკეთოდ შეატრიალებს. პორტია საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია იმითაც, რომ მას ძმა არ ჰყავს, შესაბამისად მამის გარდაცვალების შემდეგ თავად გონივრულად განაგებს განძს. ლევან ბერძენიშვილის აზრით, შექსპირის პიესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ავტორი კარგად იცნობთა ქალების ხასიათს და მათ აკვირდებოდა. შექსპიროლოგმა პაკერმა რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა წიგნი სახელად Women of Will: Following the Feminine in Shakespeare's Plays. კვლევა მიძღვნილია ქალთა სახეებისადმი შექსპირის შემოქმედებაში, თუ როგორ არიან ისინი წარმოჩენილნი და განვითარების რა გზა განვლო ქალთა სახეებმა დროისა და შეხედულებების ცვლილებასთან ერთად. პაკერი ამბობს, რომ შექსპირი ადრეულ კარიერაში ვერ უგებდა ქალებს, არ იცოდა მათი ფსიქოლოგია. შესაძლოა მას შეუყვარდა ან უბრალოდ გაიზარდა, თუმცა აშკარაა, რომ კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე, კერძოდ ,,რომეო და ჯულიეტას’’ წერისას მას უკვე საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ქალი პერსონაჟების აღწერის თავისებურებანი. ‘’Either he fell in love or he just grew up, but something happened to him where he suddenly 'got it' about women and there was a profound shift in his writing," [O’brien J, 2015].
ბერძენიშვილი ლ. 2016. შენი შექსპირი. N13 ჟურნ. ჩემი სამყარო, რონდელის ფონდი. https://www.gfsis.org/files/my-world/13/07.pdf პაჭკორია ი. 2016. ,,ჰამლეტის’’ ასოციაციური აღქმა მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმში. დისერტაცია. თბილისი. O’brien J. 2015. Shakespeare's evolving attitudes towards women. BBC News, Washington. |